სგგი

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ეს არის სხვადასხვა სახის ინფექცია, რომელთა გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტების დროს. ეს დაავადებები უძველესი დროიდან არსებობს. ადრე ისინი "ვენერიული სნეულებების" სახელწოდებით იყო ცნობილი. ("ვენერა" ძველ რომაულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთია).

გავრცელებული სგგი-ების ჩამონათვალი:

  • სიფილისი
  • გონორეა
  • ტრიქომონიაზი
  • ქლამიდიოზი
  • მიკოპლაზმოზი
  • კანდიდოზი (სოკოვანი დაავადება)
  • გენიტალური ჰერპესი
  • კონტაგიოზური მოლუსკი
  • მუნი
  • პედიკულოზი (დატილიანება)
  • B და C ჰეპატიტი
  • აივ/შიდსი

გადაცემის გზები: 

  • დაუცველისქესობრივიკავშირი
  • დაავადებულთან მჭიდრო საყოფაცხოვრებო კავშირი
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის/შიდსის, სიფილისის, B და C ჰეპატიტის შემთხვევაში, - ინფიცირებული სისხლი
  • დაავადებული დედიდან შვილზე გადაცემა (ინფექცია გადადის ნაყოფზე და ახალშობილზე, ვერტიკალური გადაცემა)

დამახასიათებელი სიმპტომები: 

  • წვა და ქავილი გენიტალიის არეში
  • გამონადენი
  • სიწითლე და გამონაყარი
  • წყლული
  • ხშირი და გაძნელებული შარდვა.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა და მამაკაცებმა:

  1. წყლულები, ბებერები ან წანაზარდები, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის ან პირის მახლობლად;
  2. უჩვეულო გამონადენი ან სუნი საშოდან
  3. ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში
  4. წვა და ტკივილი მენჯის მიდამოში
  5. ქავილი ან წვა საშოს გარშემო
  6. გახშირებული შარდვა
  7. სისხლდენა საშოდან, რომელიც არ ემთხვევა რეგულარულ ციკლს
  8. შესივებული ან გაწითლებული ყელი
  9. ტკივილი საშოში, სქესობრივი კავშირის დროს
  10. სურდო, სიცხით, შემცივნებით და ტკივილით
  11. შეშუპებული საზარდულის მიდამო.

მამაკაცის და ქალის კონდომი- კონტრაცეფციის მექანიკური საშუალებების გამოყენება ერთადერთი მეთოდია, ომელიც იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან.

სიფილისი

სიფილისი ფართოდ გავრცელებული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი განუსაზღვრელი და ზოგჯერ შეუქცევადია. მისი გამომწვევია მიკრობი მკრთალი სპიროქეტა.

რა გზით ხდება ინფიცირება: 

  • სქესობრივი კავშირით
  • ინფიცირებულის ვაგინის, პენისის, ანუსის ან პირის ლორწოვან გარსთან კონტაქტით
  • დაავადებულის წყლულებისა და გამონაყარის სითხესთან კონტაქტით
  • დაინფიცირებული სისხლის საშუალებით (შპრიცი, ნემსი, ქირურგიული იარაღები)
  • დაავადებული დედის მიერ შვილის დაავადება მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს.
  • ინფიცირება შეიძლება მოხდეს მთლიანობა დარღვეული კანიდან, დაავადებულის სპერმასთან, ვაგინასთან, გამონაყარის სითხესთან, სისხლთან კონტაქტის შემთხვევაში.

დაავადება სიფილისი იწყება მას შემდეგ, რაც მკრთალი სპიროქეტა, ზემოთ აღნიშნული გზებით, დაავადებულისგან შეიჭრება მეორე ადამიანის ორგანიზმში.

სიფილისისათვის დამახასიათებელი სომპტომებია:

  • მაგარი შანკრი (მტკივნეული წყლული, ბუშტუკოვანი გამონაყარი) სასქესო ორგანოებზე, ანუსზე, სახის მიდამოში.
  • გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ხელების და ფეხების ჩათვლით. ნიშანდობლივია გამონაყარი, რომელიც ლოკალიზებულია ტერფებზე.
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები: თავის ტკივილი, სიცხე, შესიებული და მტკივნეული ჯირკვლები, სახსრების და ყელის ტკივილი.

რიგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეუმჩნეველია. სიმპტომები შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველადი სიფილისი გადადის მეორად ფორმაში და ავადმყოფი მაინც ინფიცირებული რჩება.

შანკრი ვითარდება პირის ღრუში და ტუჩებზე, რადგან მკრთალი სპიროქეტის არსებობისთვის ორალური მიდამო არაჩვეულებრივი გარემოა.

სტატისტიკურად ორალური შანკრი სიფილისით დაავადებულთა თითქმის მესამედს აღენიშნება. შემთხვევათა 2/3-ში გვხვდება სასქესო ორგანოებზე, ხოლო ყველაზე იშვიათად ლოკალიზდება სწორი ნაწლავისა და ფრჩხილების არეში.

სიფილისმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა
  • დამბლა
  • სიკვდილი

სიფილისი იწვევს ორსულობის მოშლას, მკვდრად შობადობას, ახალშობილის სიკვდილს, სიმახინჯეებს.

გონორეა

ეს არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. გამომწვევია - გონოკოკი. მისი გადადება ხდება სქესობრივი კონტაქტის გზით.

სიმპტომები:

  • თეთრი ან ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან
  • ტკივნეული ან გახშირებული შარდვა
  • მუცლის ტკივილი და სისუსტე (ქალებში)
  • წვა ან ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
  • სპაზმები ან ტკივილი ჭიპის მიდამოში 

რა მოხდება, თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას:

  • დააინფიცირებთ პარტნიორს
  • გამოიწვევს რეპროდუქციული ორგანოების სერიოზულ დაზიანებას
  • დედა მშობიარობის დროს აავადებს შვილს
  • იწვევს გულის დაავადებებს
  • უნაყოფობას
  • სიბრმავეს.

რა გავლენას ახდენს გონორეა ახალშობილზე?

ინფიცირებულ ახალშობილს უვითარდება თვალის, სასუნთქი გზების სერიოზული დაავადებები, რაც ხშირად გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება.

დიაგნოზის დადგენა ხდება გამონადენის შემოწმებით. გონორეის თვითმკურნალობა საშიშია, რადგან ყველა ანტიმიკრობული პრეპარატი არ კლავს გონოკოკს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი ინფექციაა, რომელსაც მიკრობი - ტრიქომონა იწვევს. იგი ფართოდ გავრცელებული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მაგრამ სხვა ადამიანებზე შეიძლება გადავიდეს დაავადებულის პირადი ნივთების გამოყენებითაც.

დაავადების სიმპტომების და ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს: პირველადი ტრიქომონიაზი: მწვავე, ქვემწვავე, მცირე სიმპტომიანი და ქრონიკული ფორმა.

მწვავე და ქვემწვავე ფორმა ხასიათდება დიდი რაოდენობით ქაფიანი ჩირქოვანი გამონადენით, გარეთა სასქესო ორგანოების წვით და ქავილით. სიმძიმის შეგრძნობები მცირე მენჯის მიდამოში; უძილობით, ნევროზული მდგომარეობით, მტკივნეული შარდვით. ამ დროს სასქესო ორგანოები შეშუპებული და ჰიპერემულია, არც თუ იშვიათად ყალიბდება საშვილოსნოს ყელის ეროზია.

მცირე სიმპტომიანი ფორმის დროს დამახასიათებელია სასქესო ორგანოებიდან გამონადენი; ქავილი და წვა არის ან მცირე ინტერვალებით ან საერთოდ არ არის.

ქრონიკული ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით და რეციდივებით. რეციდივის მიზეზი შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის დაუცველობა და ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც აქვეითებს იმუნიტეტს (მაგ.: გრიპი, გაციება).

ამ ფორმისათვის დამახასიათებელია მცირე გამონადენი და ვულვის ქავილი. ხოლო გამწვავებისას ვლინდება ყველა ის სიმპტომი, რაც მწვავე ფორმას ახასიათებს. ქრონიკული ფორმის დროს, შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იყოს გამწვავება, მაგრამ დაავადებული მიკრობის მატარებელია და შეუძლია სხვა ადამიანის ინფიცირება.

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი, უჯრედშიდა პარაზიტის - ქლამიდიას მიერ გამოწვეული ანთებითი დაავადებაა. ქლამიდიით ინფიცირება ხდება სქესობრივი (ვაგინალური, ანალური, ორალური) გზით, პირადი მოხმარების საგნებიდან, თეთრეულიდან, ამრიგად გამორიცხული არ არის ოჯახის ყველა წევრის დაავადება. ქლამიდიით დაავადებული დედა მშობიარობის პროცესში აინფიცირებს თავის ახალშობილს.

ქლამიდიოზი არ ხასიათდება სპეციფიური კლინიკური ნიშნებით. მისი სიმპტომები სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების სიმპტომების მსგავსია.

ქლამიდიოზის დიაგნიოსტირება წარმოებს სპეციალური ლაბორატორიული მეთოდით, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ტრიქომონიაზზე, გონორეაზე და კანდიდზე გამოკვლევა.

ქლამიდიოზური ინფექციის დროს ადგილი აქვს:

  • სასქესო ორგანოებიდან გამონადენს
  • ქავილს
  • შეშუპებას
  • საშოს ლორწოვანის ანთებას (კოლპიტს)
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიას
  • ბართოლინის ჯირკვლის ანთებას
  • საშვილოსნოს, საკვერცხეების, კვერცხსავალი და სპრემის გამტარი მილების ანთებას.

ქლამიდიოზის მწვავე ფორმა ხშირად გადადის ქრონიკულ ფორმაში. ამდენად, დაავადებული რჩება ინფექციის მატარებელი, ინფექციის გავრცელების წყარო. გარდა გენიტალური ორგანოებისა, ქლამიდიოზური ინფექცია აზიანებს: საშარდე გზებს (ურეთრიტი), სახსრებს (ართრიტი), თვალის ლორწოვანა (კონიუნქტივიტი).

ქლამიდიოზური ინფექცია იწვევს უშვილობას ქალებში და მამაკაცებში. მან შეიძლება გაართულოს სხვა მიკრობებით გამოწვეული ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები.

კანდიდოზი

კანდიდოზი, სოკო კანდიდათი ან საფუარის სოკოთი გამოწვეული, საშოს ლორწოვანის ანთებაა. სოკო ბუდობს პირის, ნაწლავების, საშოს ლორწოვანში და კანზე.

კანდიდოზით დაავადებას ხელს უწყობს მრავალი ქრონიკული დაავადება: დიაბეტი, ტუბერკულოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა. ინფიცირება ხდება სქესობრივი გზით, ასევე საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებთან შეხებით.

კანდიდოზის დროს გარეთა სასქესო ორგანოების გარდა, ანთება ვითარდება შიგნითა სასქესო ორგანოებშიც. (საშვილოსნო, საკვერცხეები, კვერცხსავალი მილები საშარდე გზები)

კანდიდოზისთვის დამახასიათებელია:

  • არასასიამოვნო სუნის გამონადენი სასქესო ორგანოებიდან
  • ქავილი
  • წვა
  • გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპება
  • შარდის შეკავება
  • უძილობა
  • ნერვოზული მდგომარეობა

ჰერპესი

ჰერპესი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს უბრალო ჰერპესის ვირუსი (herpes simplex). ჰერპესი უჯრედშიდა პარაზიტია. ,,ცოცვით,, გადადის უჯრედიდან უჯრედში და ცდილობს გენურ უჯრედებში ჩაბუდებას.

ჰერპესის ვირუსი შესაძლოა ორგანიზმში შეუმჩნევლად ბუდობდეს მთელი ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ საკმარისია ჩვეულებრივი გაციება, გადახურება, კრიტიკული დღეები (მენსტრუაცია), გადაღლა, ფსიქიური დაძაბულობა და სხვა, რომ ჩუმად მყოფი ვირუსი იწყებს ,,განრისხებას”.

ყველაზე ფართოდ გავრცელებულია დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია უბრალო ჰერპესის პირველი და მეორე ტიპით. პირველი ტიპის ვირუსი აზიანებს სხეულს წელამდე. ხოლო მეორე ტიპის - წელს ქვემოთ.

გენიტალიური ჰერპესის სიმპტომებია:

  • წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი მუცლის, წელის, ბარძაყის, სასქესო ორგანოების მიდამოებში;
  • შესიებული და მტკივნეული საზარდულის ჯირკვლები;
  • მტკივნეული შარდვა.

დაავადება იწყება ქავილით ან ჩხვლეტის შეგრძნებით. კანი წითლდება, ხდება მგრძნობიარე და მტკივნეული. შეწითლების ადგილებში წარმოიქმნება წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი მტევნისებური ან ერთეული, რასაც წინ უსწრებს შემცივნება, ზოგადი სისუსტე, სიცხე, ჯირკვლების გადიდება, წყლულების გასკდომა, ,,დასველება”. როგორც კი წყლულები „ჩაიფუშება“, მოშუშდება, ფუფხი იწყებს მორბილებას. ტკივილი, გადიდებული ჯირკვლები და სიცხე ცხრება. მეორე კვირის დასასრულისთვის ქერქი იწყებს მოცილებას (მოვარდნას).

ჰერპერსით დაზიანებული, ღია წყლულის გზით შეიძლება სხვა მიკრობების მოხვედრა ორგანიზმში, რაც იწვევს დამატებითი ინფექციის განვითარებას. ახალშობილებში, რომელთაც ჰერპესი შეძენილი ჰქონდათ ჩასახვის დროს მამისაგან და დაბადების დროს გენიტალური ჰერპერსით დაავადებული დედისაგან, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ მისი გამოსავალი ლეტალურია.

ჰეპატიტი B

ჰეპატიტის ამ საკმაოდ გავრცელებულ და მძიმე ფორმას სხვაგვარად შრატისმიერ ჰეპატიტსაც უწოდებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება ძირითადად სისხლის გზით გადადის, თანაც ინფიცირებისათვის საკმარისია ვირუსის უმნიშვნელო რაოდენობა .  

B ჰეპატიტის გამომწვევი არის ვირუსი (HBV), რომელიც სისხლის შრატში 30-32°-ზე ექვსი თვის განმავლობაში ცოცხლობს,  მინუს 20°-ზე - 15 წლის განმავლობაში, ხოლო ადუღების შედეგად 20 წუთში კვდება.

B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის  დროს, ასევე ორსულობის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს; ვინაიდან ამ ვირუსის გადაცემა ბიოლოგიური სითხეებით ძალიან ადვილია, შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო კონტაქტებითაც - კერძოდ, ვირუსით დაბინძურებული საპარსი საშუალებების ან კბილის ჯაგრისის საზიაროდ გამოყენების შედეგად. B ჰეპატიტის ვირუსი აივთან შედარებით 100-ჯერ და C ჰეპატიტის ვირუსთან შედარებით - 10-ჯერ უფრო გადამდებია.

სიტუაციები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ხდება ინფიცირება:

  • დონორის სისხლის გადასხმა;
  • დაბინძურებული ნემსის/შპრიცის, სხვა საინექციო მოწყობილობის, ქირურგიული (მათ, შორის, სტომატოლოგიური) ინსტრუმენტების გამოყენება;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი - ვირუსულ ჰეპატიტებს შორის სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად В ჰეპატიტი გადადის;
  • ინფიცირებული დეიდან შვილზე (ვერტიკალური გადაცემა) არც ისე ხშირად გადადის - რისკი იმატებს, თუკი დედას აქტიური ფორმა აქვს, ან ორსულობის ბოლო თვეებში გადაიტანა ჰეპატიტი; ინფიცირების რისკი ასევე მკვეთრად იმატებს, თუკი დედას, ჰეპატიტის გარდა, აქვს აივ ინფექცია. დედის რძით არ გადადის;
  • ტატუირება, ყურების გახვრეტა, აკუპუნქტურა არასტერილური ინსტრუმენტებით.

დიაგნოსტიკა. В ჰეპატიტის ინფექციის გამოსავლენად ან მისი სტადიის (მწვავე, ქრონიკული) დასადგენად ტარდება სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევები.

პროფილაქტიკა. В ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისაგან თავის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია:

  1. ინექციური ნარკოტიკების მოხმარების დროს უნდა გამოვიყენოთ ახალი, სტერილური ნემსი/შპრიცი. თუ ამის საშუალება არ არის, ნახმარი ინსტრუმენტები უნდა გვასტერილოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ძალიან მდგრადია და მის გასაუვნებლად საჭიროა დუღილი დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში;
  2. სქესობრივი კონტაქტის დროს აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება;
  3. დაუშვებელია პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის ინსტრუმენტები) გაზიარება;
  4. ტატუირებისა და პირსინგის დროს უნდა მოვითხოვოთ უხმარი, სტერილური, ერთჯრადი ინსტრუმენტები;
  5. ჩავიტაროთ ვაქცინაცია В ჰეპატიტზე.

В ჰეპატიტის საწინააღმდეგო თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. ინფიცირებისაგან დაცვისთვის აუცილებელი იმუნიტეტი გამოუმუშავდება აცრილთა 80-90%-ს. უმრავლეს შემთხვევებში, ვაქცინა მოქმედებს 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევები იმაზე მიუთითებს, რომ იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ნარჩუნდება.                                                                                                                

ქრონიკული В ჰეპატიტი სრულად არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი პროგრესირების შეჩერება. ჰეპატიტის ამ ფორმის სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტები მიმართულია ვირუსის გამრავლების შეფერხებაზე, რაც ღვიძლის შემდგომი დაზიანებისა და გართულებების აღმოცენების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი წელია.

ჰეპატიტი C

С ჰეპატიტი ვირუსული ჰეპატიტების ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს. იგი სისხლის გზით გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დასნებოვნება  ხდება ინფიცირებული სისხლის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

გადაცემის გზები:

  • არასტერილური ნემსების, შპრიცების და სხვა საინექციო ატრიბუტიკის გამოყენება ინექციური ნარკოტიკების მოხმარების დროს;
  • ინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა;
  • დაბინძურებული ინსტრუმენტების გამოყენება ქირურგიული ჩარევის დროს;
  • სქესობრივი გზით ინფიცირება С ჰეპატიტის შემთხვევაში იშვიათად ხდება; რისკს ზრდის სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების არსებობა;
  • სვირინგების (ტატუირება) და პირსინგის გაკეთება;
  • პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის მაკრატელი) გაზიარება;
  • ორსულობისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადაცემის რისკი მცირეა;
  • არ გადადის საყოფაცხოვრებო კონტაქტებით (დაცემინება, დახველება, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, საზიარო ჭურჭელი) და ძუძუთი კვების დროს.

პროფილაქტიკა

  • ერთჯერადი, სტერილური ნემსის/შპრიცის და ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენება; მანიპულაციების წინ ხელების აუცილებელი დაბანა;
  • ღია ჭრილობებისა და ნაკაწრების დაფარვა;
  • თუმცა სქესობრივი კონტაქტით გადაცემის რისკი მაღალი არ არის, მინც სასურველია ბარიერული საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენება;
  • ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ სტანდარტული უსაფრთხოების ზომები დაცულია;
  • სხვა ადამიანების პირადი ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების და საყურეებისაც კი!) გამოყენებაზე უარის თქმა;
  • ტატუირებისა და პირსინგის გაკეთების დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ახალი ნემსით გვიკეთებენ და უნდა მოვითხოვოთ, რომ შეფუთვა ჩვენს თვალწინ გაიხსნას.

დიაგნოსტიკა. ადამიანის ორგანიზმში С ტიპის  ჰეპატიტის არსებობა სისხლის გამოკვლევით (ტესტირებით) დგინდება. პირველი ტესტი, რომელსაც ატარებენ, ადგენს, ოდესმე იყო თუ არა С ტიპის  ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ორგანიზმში. ამ ანალიზს ეწოდება ტესტი ანტისხეულებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, კეთდება დამატებითი გამოკვლვები ღვიძლის მდგომარეობის შესასწავლად.

С ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით ერთ მეოთხედში ვითარდება ხანმოკლე, მწვავე ინფექცია, რომელიც სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. გაცილებით უფრო ხშირად, С ჰეპატიტს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ღვიძლის დაზიანება ძალიან ნელა, წლების განმავლობაში ხდება და, მკურნალობის გარეშე,  შეიძლება, ღვიძლის ციროზი ან კიბო გამოიწვიოს.

მკურნალობა. ყველა ინფიცირებულს მკურნალობა არ ესაჭიროება. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას  მედიკამენტური მკურნალობის დაწყების შესახებ.

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა.