რეპროდუქციული ჯანმრთელობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა გულისხმობს სრულ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას და არა დაავადების არ არსებობას, ფუნქციის მოშლის არქონას.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის კომპონენტია, რომელიც ფოკუსირებულია რეპროდუქციულ სისტემასა და მის ფუნქციონირებაზე. სქესობრივი ჯანმრთელობა კი არის საკუთარი სექსუალური კეთილდღეობის ინდივიდუალური აღქმა ადამიანის მიერ.

რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა თანაბრად არის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების საზრუნავი მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა სქესი და გენდერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სქესობრივი და გენდერული მახასიათებლებით. ეს განსხვავებები განაპირობებს იმას, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების დიდი ნაწილი განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებში (მაგალითად, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საჭიროა მხოლოდ ქალებისთვის) და, შესაბამისად, განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. განათლებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სპეციფიკური საკითხები აღმოცენდება ბავშვებსა და მოზარდებში და გრძელდება მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს სხვადასხვა ფართო მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • ორსულობისა და მშობიარობის მართვა, ასევე დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობა, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა;
  • ოჯახის დაგეგმვის საკითხები, აბორტისა და მისი მავნე შედეგების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია;
  • ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • მოზარდთა განათლება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში;
  • გენდერული ძალადობის პრევენცია და მართვა.

რეპროდუქციული უფლებები

ისევე, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობაა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი, რეპროდუქციული უფლებებიც ადამიანის უფლებების ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

კერძოდ, რეპროდუქციული უფლებების მიხედვით, მამაკაცსაც და ქალსაც აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნებაყოფლობითი ქორწინება და ოჯახის შექმნა; როდის და რამდენი შვილი იყოლიონ; მიიღონ ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და მათი პრევენციის საშუალებების შესახებ; უფლება აქვთ, ფლობდნენ ამ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაციას; მამაკაცსაც და ქალსაც აქვს თანაბარი უფლება, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ა. შ.

ეს რეპროდუქციული უფლებები გაერთიანებულია 12 ძირითად უფლებად:

  1. სიცოცხლის უფლება;
  2. პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  3. დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის უფლება;
  4. პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და კონფიდენციალურობის უფლება;
  5. მრწამსის თავისუფლება;
  6. განათლების და ინფორმაციის უფლება;
  7. ქორწინებისა და ოჯახის არჩევის უფლება;
  8. ბავშვის გაჩენისა და დაგეგმვის გადაწყვეტილების მიღების უფლება;
  9. სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება;
  10. მეცნიერული პროგრესის მიღწევების გამოყენების უფლება;
  11. პოლიტიკაში მონაწილეობისა და შეკრების თავისუფლების უფლება;
  12. ულმობელი და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან დაცვის უფლება.

სიცოცხლისუფლება

არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე და საშიშროება სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობის გამო.

პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების უფლება, ისე რომ არ შელახოს სხვა ადამიანის უფლებები.

დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის უფლება

არც ერთი ადამიანი არ უნდა მოექცეს დისკრიმინაციის ქვეშ, მისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების, სამედიცინო დახმარების მიღების ან მომსახურეობის, მისი რასობრივობის, საქორწინო სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, ენის, სარწმუნოების, ნაციონალური ან სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ან სხვა სტატუსის გამო.

პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და კონფიდენციალურობის უფლება

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერი სამსახური, მათ შორის ინფორმაციული და საკონსულტაციო, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კლიენტის პიროვნული, ინფორმაციული და საკონსულტაციო კონფიდენციალურობა.

მრწამსის თავისუფლება

ყველა ადამიანს აქვს მრწამსის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მიუხედავად თავისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების წესისა.

განათლების და ინფორმაციის მიღების უფლება

ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია ფერტილურობის რეგულაციისა და დაუგეგმავი ორსულობის რისკის თავიდან აცილების მეთოდების უპირატესობის შესახებ.

ქორწინებისა და ოჯახის არჩევის უფლება

ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს, დაგეგმოს და შექმნას ოჯახი მიუხედავად რასის, ნაციონალობის და სარწმუნოებისა.

ბავშვის გაჩენისა და დაგეგმვის გადაწყვეტილების მიღების უფლება

ყველა ადამიანს აქვს ბავშის გაჩენისა და ოჯახის დაგეგმვის უფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვის უსაფრთხო და მისთვის მისაღები მეთოდი.

სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება

ყველა ადამიანს აქვს უფლება, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მიიღოს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება.

მეცნიერული პროგრესის მიღწევების გამოყენების უფლება

ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საზიანო რეპროდუქციული მომსახურებისაგან დაცვის უფლება. ასევე მას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული აღნიშნული მომსახურეობის შესახებ.

პოლიტიკაში მონაწილეობისა და შეკრების თავისუფლების უფლება

ადამიანებს აქვთ უფლება, შეიკრიბონ, განიხილონ და გაუწიონ პროპაგანდა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ულმობელი და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან დაცვის უფლება

ნებისმიერ მოქალაქეს, ქალს თუ მამაკაცს, აქვს უფლება, იქნას დაცული დამამცირებელი დამოკიდებულებისა და ძალადობისაგან, რაც უკავშირდება მათ რეპროდუქციულ ფუნქციებს.


რეპროდუქციული ჯანმრთელობა ბიჭებისათვის

მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა წარმოდგენილია მამაკაცის სასქესო ორგანოებით. ისინი ძირითადად გარეთაა განლაგებული, თუმცა ცალკე გამოყოფენ მამაკაცის გარე და შიდა სასქესო ორგანოებს. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება: სათესლე ჯირკვლების პარკი, სასქესო ასო, ნაწილობრივ შარდსადენი მილი. შიდა სასქესო ორგანოებია: სათესლე ჯირკვლები, სათესლე ჯირკვლის დანამატები, თესლის გამომტანი სადინრები, სათესლე ბუშტუკები, წინამდებარე ჯირკვალი, იგივე პროსტატა და, ნაწილობრივ, შარდსადენი მილი.

მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში სპერმის გამომუშავება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან, დაახლოებით 14-15 წლის ასაკიდან, იწყება და სიბერემდე გრძელდება.

   


სასქესო ასოდან სპერმის გამოყოფას ეაკულაცია ეწოდება. როდესაც ხდება ეაკულაცია, შარდსადენი მილი - ურეთრა იკეტება პატარა სარქველით და ურეთრიდან გამოდის მხოლოდ სპერმა. ამგვარად, შარდისა და სპერმის შერევა არასოდეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სადინარით გამოიყოფა.

გამრავლების ფუნქცია მამაკაცებში გამოიხატება  საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდების გამომუშავებით, რომლებსაც აქვთ ნორმალური მოძრაობის და მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი.

რეპროდუქციის უნარი მხოლოდ ბიოლოგიურად მომწიფებულ ინდივიდებს აქვთ. მომწიფების ასაკში (იგივე პუბერტატულ ასაკში) ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური გადაწყობა, რაც გამოვლინდება ფიზიკური და ქიმიური ცვლილებებით, რომლებიც იუწყებიან ბიოლოგიური სიმწიფის შესახებ. ბიჭებში სქესობრივი მომწიფების პროცესში შესამჩნევად იცვლება ტანადობა - მცირდება ცხიმის რაოდენობა მუცლისა და თეძოების მიდამოში, ფართოვდება ბეჭები, ქვეითდება ხმის ტემბრი, ჩნდება თმიანობა სახესა და სხეულზე. სპერმატოგენეზი (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ბიჭებში შედარებით უფრო გვიან იწყება, ვიდრე გოგონებში მენსტრუაცია.

ბიჭებში, მოზარდობის პერიოდში, შესაძლოა არსებობდეს ე.წ. უნებური ერექცია, სასქესო ასოს გამაგრება და ზომაში მატება. უნებური ერექცია ხშირია დილით და ცნობილია როგორც ეგრეთ წოდებული ”დილის ერექცია”. ის არ წარმოადგენს ჯანმრთელობის რაიმე სახის დარღვევას.

სქესობრივი მომწიფების ძირითადი ნიშანი ბიჭებში არის პოლუციები, ანუ სპერმის უნებური გამოდენა.

სასქესო ასოდან ხდება რძისებური სითხის, ეაკულატის გამოყოფა, უმთავრესად ღამით. ვაჟმა ეს შეიძლება ვერც იგრძნოს და მხოლოდ დილით შენიშნოს საცვალზე სისველე.


ამ პერიოდში ვაჟებს უჩნდებათ ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ.

დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები

ინფექცის/დაავადებების გადაცემა. მამაკაცებში სგგი-ს ძირითადი სიმპტომებია:

  • გამონადენი სასქესო ასოდან
  • წყლულები, ბებერები ან წანაზარდები, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის ან პირის მახლობლად
  • წვა და ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
  • სასქესო ორგანოების ქავილი
  • გახშირებული შარდვა
  • სურდო შემცივნებით, სიცხით და ტკივილით
  • შეშუპებული საზარდულის მიდამო.

იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომს, მიაკითხეთ ექიმს!

შესაძლო გართულებები მამაკაცებში:

  • პროსტატიტი
  • იმპოტენცია
  • უშვილობა
  • საშარდე მილის შევიწროვება
  • სეფსისი

როგორ უნდა დაიცვათ თავი სგგი-სგან და აივ/შიდსი-სგან?

  • ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივი)
  • თავი აარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს
  • პარტნიორის ერთგულება
  • არ ისარგებლოთ სხვისი ნახმარი შპრიცით, ჯაგრისით ან სამართებლით
  • დაინფიცირების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისა და დროული მკურნალობისათვის
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას

მამაკაცის კონდომის სწორად და ყოველი სქესობრივი აქტის დროს გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტურობა აივ ინფექციისგან დაცვის კუთხით საშუალოდ 80-95%-ია. ეს ნიშნავს, რომ კონდომის გამოყენება გვიცავს აივ ინფიცირებისგან იმ შემთხვევების 80-95%-ში, როდესაც მისი არ გამოყენება უცილობლად გამოიწვევდა ინფიცირებას.

(ეს არ ნიშნავს, რომ კონდომის მომხმარებლების 5-20% დაინფიცირდება აივ-ით!).

საუკეთესო დაცვისთვის აუცილებელია კონდომის გამოყენება ყველა სქესობრივი აქტის დროს.

2 ან 3 კონდომის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან კონდომების ერთმანეთთან ხახუნის შედეგად შესაძლოა მოხდეს მათი დაზიანება. რაც შეეხება ლატექსზე ალერგიას,  იშვიათია და ამ დროს როგორც წესი აღინიშნება გაწითლება, ქავილი და კანის შეშუპება.

პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, ყველაზე კარგი საშუალებაა სგგი-ს და აივ-შიდსი-ს გამოვლენისთვის და ასევე მათი დროული მკურნალობისათვის!

ერთი რომელი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირება ზრდის სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დაინფიცირების რისკს.

მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება.

მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა! ხშირად იბანეთ გენიტალური ადგილები, სველი ტანისამოსი დიდხანს არ გაიჩეროთ, განსაკუთრებით, საცურაო კოსტიუმი.

 

 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა გოგონებისათვის

 

ქალის რეპროდუქციული სისტემა ანუ ქალის სასქესო სისტემა შედგება გარე და შიდა სასქესო ორგანოებისგან. ქალის გარე სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება დიდი და მცირე სასქესო (სასირცხვო) ბაგეები და კლიტორი (სავნებო).

საკუთრივ სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება: საკვერცხეები, საშვილოსნოსმილები (ფალოპის, იგივე კვერცხსავალი მილები), საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი. ისინი მოთავსებულია სხეულის შიგნით, მენჯის ძვლებს შორის. შიდა და გარე სასქესო ორგანოებს ერთმანეთთან აკავშირებს საშო. ქალის რეპროდუქციულ სისტემას მიეკუთვნება აგრეთვე სარძევე ჯირკვლები -ძუძუ.

გოგონებში გარე და შიდა სასქესო ორგანოები ერთმანეთისგან გამოყოფილია საქალწულე აპკით - ჰიმენით, რომლის მთლიანობა ირღვევა პირველი სქესობრივი კავშირის დროს.

ქალის რეპროდუქციული ასაკია 15-49 წელი, ანუ როდესაც მას აქვს განაყოფიერების და გამრავლების უნარი.

დაბადებისას გოგონას საკვერცხე შეიცავს 2 მლნ ფოლიკულს, რომელსაც ფოლიკულარული აპარატი ეწოდება. მასში იმყოფება კვერცხუჯრედები. სიცოცხლის პირველ წლებში ფოლიკულები კვერცხუჯრედებთან ერთად იღუპება (ატრეზიას განიცდის) და 12 - 13 წლის ასაკში მათგან მხოლოდ 300 - 400 ათასი რჩება. ამის შემდეგ  კვერცხუჯრედების მარაგი უფრო მცირდება და 45-55 წლისათვის პრაქტიკულად ამოიწურება.

ზრდასრული ქალის ორგანიზმში 28-30 დღეში ერთხელ ხდება ფოლიკულებიდან ერთ-ერთის, ე.წ. ლიდერი ფოლიკულის, განსაკუთრებული გაზრდა და მომწიფება. მომწიფებულ ფოლიკულში იმყოფება მომწიფებული კვერცხუჯრედი. მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში, დაახლოებით მენსტრუაციის დაწყებიდან მე-11 მე-15 დღეს, ხდება მომწიფებული ფოლიკულის მთლიანობის დარღვევა - გასკდომა და კვერცხუჯრედის გარეთ გამოსვლა - გამოთავისუფლება. ამ მოვლენას ოვულაცია ეწოდება.

გოგონას/ქალს ფიზიოლოგიურად (ბუნებრივად) ოვულაციის პერიოდში შეიძლება ჰქონდეს საშოდან უსუნო, უფერო გამონადენი, რომელიც 3-4 დღეში ქრება. სხვა პერიოდში გოგონას/ქალს თუ აღენიშნება საშოდან გამონადენი, გარდა მენსტრუალური სისხლდენისა, უნდა მიმართოს ექიმს.

მოზარდი გოგონასათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ მენსტრუაციას. ზოგჯერ ეს შიშსა და შფოთვას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გოგონა არ არის წინასწარ ინფორმირებული ან მიღებული ინფორმაცია მენსტრუაციის მხოლოდ უარყოფით, შემაწუხებელ მხარეებს ეხება. ზოგჯერ ამ მოვლენას მართლაც ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები – თავის, მუცლის, წელის ტკივილი, უგუნებობა, გაღიზიანებადობა, მაგრამ თუ გოგონამ წინასწარ მიიღო შესაბამისი ინფორმაცია და იცის, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მომავალი ქალის სტატუსის სიმბოლოს გამოხატავს,  ეს უცხო და უსიამოვნო ფაქტი მისთვის ბუნებრივი და სიამაყის მომგვრელი ხდება.

პუბერტატული (ე.წ.გარდატეხის) ასაკიდან ქალის ორგანიზმში ციკლურად მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ვლინდება ფიზიკური ცვლილებებით (მკერდის ზრდა, მისი მგრძნობიარობის მატება, მენსტრუალური სისხლდენა და ა.შ.). ყოველი ციკლი საშუალოდ 28 დღიანია და მოიცავს მთელ რიგ ჰორმონულ გარდაქმნებს. ციკლის დღეების ათვლა ხდება მენსტრუაციის (მენსტრუალური სისხლდენის) დაწყების პირველი დღიდან.

  • მენსტრუალური ციკლი არ უნდა იყოს 21 დღეზე ხანმოკლე და 35 დღეზე ხანგრძლივი;
  • მენსტრუაცია უნდა გრძელდებოდეს 3-დან 7 დღემდე;
  • მენსტრუაციის დროს სისხლის დანაკარგი უნდა მერყეობდეს 50-150 მლ ფარგლებში (თუმცა ამის განსაზღვრა ძნელია);
  • მენსტრუაციას არ უნდა ახლდეს გაუსაძლისი ტკივილი, არ უნდა იყოს ძალიან უხვი, ან პირიქით, ცოტა და ხანმოკლე;
  • მენსტრუაცია უნდა იყოს რეგულარული, ყოველთვიური, რა თქმა უნდა, თუ ორსულობა არ დადგა.

ორსულობა

სქესობრივი კავშირის დროს ქალის საშოში ხვდება ეაკულატი-სპერმალური სითხე, რომელშიც დიდი რაოდენობითაა მამაკაცის სასქესო უჯრედები-სპერმატოზოიდები. იმის გამო, რომ სპერმატოზოიდებს გააჩნიათ წინსვლითი მოძრაობის უნარი, ისინი ქალის საშვილოსნოს ყელის გავლით გადაადგილდებიან შიგნით საშვილოსნოში და შემდეგ საშვილოსნოს მილში, სადაც კვერცხუჯრედის არსებობის შემთხვევაში (თუ მოხდა ოვულაცია) ხდება მასთან შერწყმა, რაც დასაბამს აძლევს ახალ სიცოცხლეს. ამ პროცესს განაყოფიერება ეწოდება.

ორსულობის ნიშნებია მენსტრუალური სისხლიანი გამონადენის არარსებობა, გუნება-განწყობილების შეცვლა, მკერდის დაჭიმულობა, გემოვნების გაუკუღმართება.

მრავალი მითი არსებობს დაუგეგმავი ორსულობისგან  თავდაცვის შესახებ. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ ქალი შეიძლება მენსტრუაციის დროსაც დაორსულდეს. მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფა საკვერცხედან შეიძლება მოხდეს მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს. გახსოვდეთ, რომ ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში, საშოსა ან საშვილოსნოს ღრუში სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება 6 დღემდე გაგრძელდეს. 

ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება.

ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების ხელმისაწვდომობა წყვილების, განსაკუთრებით ქალების, კეთილდღეობისთვის აუცილებელი მნიშვნელობისაა და მთელი რიგი დადებითი შედეგები მოაქვს:

  • ქალებში არასასურველ ორსულობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების პრევენცია. როდესაც ქალი თავად ირჩევს, როდის დაორსულდეს, ამას პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს მის ჯანმრთელობაზე, რადგანაც არსასურველ და დაუგეგმავ ორსულობას შეიძლება ქალი მოუმზადებელი ან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემით შეხვდეს. ადრეულ ასაკში ორსულობას სერიოზული ზიანი მოაქვს გოგონებისათვის. შობადობის რეგულაციის პრინციპების დაცვით შესაძლებელია ამ პრობლემების თავიდან აცილება.
  • ჩვილების სიკვდილიანობის შემცირება. დედების სიკვდილიანობის რისკთან ერთად, დაუგეგმავი ან ნაადრევი, ასაკისთვის შეუფერებელი ორსულობა ჩვილების სიკვდილიანობის რისკსაც ზრდის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კონტრაცეფციის გამოყენების აუცილებლობას.
  • აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია. კონტრაცეფციის გამოყენებით ინფიცირებულ დედას საშუალება აქვს, უარი თქვას ორსულობაზე ნაყოფის ინფიცირების რისკის გამო. ამას გარდა, კონტრაცეფციის ზოგიერთი საშუალებას, როგორებიცაა მამაკაცისა და ქალის კონდომები, ორმაგი დაცვა გააჩნია, როგორც არასასურველი ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და აივ/შიდსისგან.
  • ხალხის მეტი აქტივობა და განათლების გაუმჯობესება. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას აძლევს ხალხს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შობადობის რეგულაცია კი საშუალებას აძლევს ქალებს, გადაავადონ ორსულობა მათთვის სასურველ დრომდე და მიიღონ კარგი განათლება, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დასაქამდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში. ამას გარდა, მრავალშვილიან ოჯახებში ძალიან ხშირად ბავშვები უფრო ნაკლებად ახერხებენ სრულყოფილი განათლების მიღებას და მშობლებსაც უფრო ნაკლებად შესაძლებლობა აქვთ თითოეული მათგანის განათლებაში ჩადონ საკმარისი ინვესტიცია.

კონტრაცეფცია

არსებობს კონტრაცეფციული საშუალებების ოთხი ძირითადი ჯგუფი:

  • ჰორმონული
  • ბარიერული
  • ბუნებრივი
  • ქირურგიული

ჰორმონული აბები

კონტრაცეფციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ჰორმონული აბები მიიჩნევა. თანამედროვე აბები ჰორმონის მინიმალურ დოზებს შეიცავს, თუმცა საკმარისს იმისათვის, რომ არ მოხდეს ოვულაცია და, შესაბამისად, ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ამას გარდა, საშვილოსნოს ლორწოვანზე ზემოქმედებით ის ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოში.

იმის გარდა, რომ ჰორმონული აბები ეფექტურად იცავს ქალს ორსულობისგან, მას სხვა მრავალი დადებითი თვისებაც გააჩნია, როგორებიცაა:

  • მათი მიღება არ უკავშირდება სქესობრივ აქტს;
  • არეგულირებენ მენსტრუალურ ციკლს, ამცირებენ მენსტრუაციისწინა და მენსტრუალურ სიმპტომებს;
  • ამცირებენ ქალის რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნის, მენჯის ანთებითი დაავადების, ფიბროზული წარმონაქმნების განვითარების რისკს;
  • ამცირებენ საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობას.

რაც ყველაზე მთავარია, ჰორმონული აბები არ მოქმედებენ ზოგადად შვილოსნობის ფუნქციაზე და მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ ნაყოფიერება სწრაფად აღდგება, თუმცა, ხანგრძლივი მიღების შემდეგ, 2%-ში შეიძლება განვითარდეს ამენორეა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა).

აბებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, მკერდის დაჭიმულობა, ჰიპერტენზია და განწყობის ცვალებადობა. თუმცა, როგორც წესი, ეს სიმპტომები დასაწყისში ვითარდება და მალე გაივლის. თუ აღნიშნული მოვლენები გახანგრძლივდა, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ამას გარდა, ექიმთან კონსულტაცია საჭიროა როგორც აბების მიღების დაწყების, ასევე მისი შეწყვეტისათვის.

კონდომი (პრეზერვატივი)

კონტრაცეფციის კიდევ ერთ ეფექტურ და ფართოდ გავრცელებულ საშუალებას მამაკაცისა და ქალის პრეზერვატივები, იგივე კონდომები წარმოადგენს. პრეზერვატივი კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდს მიეკუთვნება და ის ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას. ისევე, როგორც კონტრაცეფციის ყველა მეთოდს, კონდომსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

კონდომის უპირატესობებია:

  • კონდომი იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და აივ/შიდსისგან;
  • მარტივი და მოსახერხებელი მეთოდია;
  • ხელმისაწვდომია;
  • არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და გართულებები;
  • ამცირებს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების შესაძლებლობას;
  • მისი გამოყენება საჭიროა მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს.

კონდომს გარკვეული ნაკლოვანებებიც გააჩნია: აუცილებელია კონდომის შენახვისათვის შესაბამისი პირობების არსებობა, იშვიათ შემთხვევებში კონდომი შეიძლება ჩამოცურდეს, გაიხეს ან გასკდეს, შესაძლებელია გამოიწვიოს სასქესო ასოს მგრძნობელობის დაქვეითება. ამას გარდა, ზოგიერთი ადამიანი მგრძნობიარეა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებითაც კონდომია დამზადებული.

კონდომთან ერთად რეკომენდებულია სპერმიციდის გამოყენებაც. ეს არის ნივთიერება, რომელიც აქვეითებს სპერმატოზოიდების მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარს და ორსულობის თავიდან აცილების შანსს ზრდის კონდომის დაზიანების შემთხვევაში.

ბარიერული მეთოდების კიდევ ერთ საშუალებას საშოს დიაფრაგმა და საშვილოსნოს ყელის სარქველი წარმოადგენს. ეს ორი საშუალება ერთმანეთის მსგავსია. ისინი ქალის სასქესო გზებში თავსდება და ხელს უშლიან სპერმის მოხვედრას საშვილოსნოში. ორივე ეს საშუალება საკმაოდ ეფექტურად იცავს ორსულობისგან, თუმცა მათი გამოყენების სწავლას გარკვეული დრო სჭირდება.

საშვილოსნოსშიდა საშუალება

არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო გახანგრძლივებული მოქმედების საშუალებები. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საშვილოსნოსშიდა საშუალება (სპირალი). საშვილოსნოს ღრუში მოთავსებული სპირალი ხელს უშლის სპერმატოზოიდის მოძრაობას, კვერცხუჯრედის მომწიფებას და მის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.

საშვილოსნოსშიდა საშუალებების უპირატესობებია;

  • მოქმედებას იწყებს მისი მოთავსებისთანავე;
  • ქალს არ სჭირდება ფიქრი კონტრაცეპციაზე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ სპირალით სარგებლობს;
  • მოქმედებს სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. (უახლესი მოქმედებს 2-დან 10 წლამდე);
  • არ აბრკოლებს სქესობრივ ურთიერთობას;
  • ჰორმონშემცველი სპირალის გამოყენების დროს შეიძლება შემცირდეს მენსტრუალური ტკივილები.

ისევე, როგორც ყველა სხვა კონტრაცეფციულ საშუალებას, სპირალსაც ახასიათებს გარკვეული ნაკლოვანებები. საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

საინექციო კონტრაცეფცია

საინექციო კონტრაცეფცია ჰორმონულ მეთოდს წარმოადგენს და საკმაოდ მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ ქალს დიდხანს არ სურს დაორსულება და აბების ყოველდღიური მიღება მოუხერხებელია. ჰორმონების ინექცია 2-3 თვეში ერთხელ კეთდება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს, თუმცა მეთოდის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ინექციისათვის ექიმთან ვიზიტია საჭირო, ხოლო ინექციის ვადის გასვლის შემდეგ ნაყოფიერების აღდგენას 5 თვეზე მეტი სჭირდება.

ქირურგიული მეთოდები

არსებობს კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდებიც, რაც ქალის შემთხვევაში საშვილოსნოს მილების გადაკვანძვას, კაცის შემთხვევაში კი სპერმატოზოიდების გამტარი მილების გადაჭრას გულისხმობს. ეს მეთოდები არანაირად არ ახდენს გავლენას მენსტრულურ ციკლზე ან მამაკაცის პოტენციაზე და ჰორმონულ სტატუსზე. თუმცა ეს მეთოდები სამუდამოა და მათ შემდეგ შვილოსნობის აღდგენა უკვე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება რეკომენდებულია შედარებით მაღალი ასაკის წყვილებში, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები და აღარ აპირებენ მეტის გაჩენას.

კალენდარული მეთოდი

არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა შესაძლებელია ბუნებრივი გზითაც, ორგანიზმზე ყოველგვარი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე. ეს ძირითადად ხორციელდება კალენდარული მეთოდით, რომელიც გულისხმობს დაორსულების თვალსაზრისით სარისკო დღეების განსაზღვრას. საქმე იმაშია, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში. ექიმთან კონსულტაციის გზით შესაძლებელია ზუსტად დადგინდეს ქალის მენსტრუალური ციკლის ნაყოფიერი და არანაყოფიერი პერიოდები და ნაყოფიერ პერიოდში სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებით თავიდან იქნება აცილებული დაორსულება.

 

აბორტი

აბორტი არის ორსულობის შეწყვეტა 22 კვირის ვადამდე. აბორტი შეიძლება იყოს თვითნებური და ხელოვნური.

თვითნებური აბორტი არ არის დამოკიდებული ორსული ქალის სურვილზე. ამ დროს თვითნებურად ხდება ორსულობის შეწყვეტა. თვითნებური აბორტი გამოწვეულია სხვადახვა მიზეზით: გენეტიკური, ინფექციური, ჰორმონული და სხვა.

ხელოვნური აბორტი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაა ქირურგიული ჩარევის, ან მედიკამენტური გზით. ამ დროს ხდება ჩანასახის მექანიკური მოცილება საშვილოსნოს კედლიდან. ხელოვნური აბორტის პროცედურა 12 კვირის ვადამდე შეიძლება განხორციელდეს ქალის ნებაყოფლობითი სურვილით, ხოლო 12 კვირიდან  22 კვირის ვადაზე აბორტის პროცედურის ჩატარება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების არსებობისას, თუ დედის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.

აბორტის დროს შესაძლებელია სასქესო ორგანოების ტრავმირება, საშვილოსნოს დაზიანება პერფორაცია (გახვრეტა, მთლიანობის დარღვევა), სისხლდენის განვითარება, ინფექციის შეჭრა, რაც შეიძლება გახდეს საშვილოსნოს ამოღების მიზეზი, რის შემდეგ ქალი სამუდამოდ კარგავს შვილოსნობის უნარს.

არანაკლებ სახიფათოა აბორტის შორეული გართულებები, ეს არის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, რაც იწვევს უშვილობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს. აბორტის შემდგომ ხშირად ვითარდება ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის მოშლა, იზრდება თვითნებური აბორტების განვითარების რისკი.

აბორტი ოჯახის დაგეგმვის პოსტ-საშუალებად მიიჩნევა. აუცილებელია უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა გარანტირებული იყოს ყველასთვის!