აივ/შიდსი

აივ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) - ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გარკვეული გზით გადაეცემა და იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის დარღვევას. აივს გამრავლება მხოლოდ ადამიანის ორგანიზ-მში შეუძლია, გარემოში ის საკმაოდ მალე იღუპება, მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ. ვირუსი აზიანებს იმუნური სისტემის გარკვეულ უჯრედებს (CD4+), რომლებიც იცავენ ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისაგან. CD4+ უჯრედში შეჭრის შემდეგ, აივ-ი გასამრავლებლად იყენებს ამ უჯრედის დნმ-ს, აფერხებს რა მის ნორმალურ ფუნქციონირებას და აქცევს ახალი ვირუსების წარმომქმნელ “ფაბრიკად”. ამ უმნიშვნელოვანესი უჯრედების განადგურება თანდათან ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმი ვეღარ ეწინააღმდეგება სხვადასხვა, ჯანმრთელი ადამიანისათვის უვნებელ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, კიბოს უჯრედების გამრავლებას.

 

აივ ინფექცია

აივ ინფექცია - ეს დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აივ-ის შეჭრის შედეგად ვითარდება, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შეიძლება გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იმუნოდეფიციტის ვირუსი იწყებს გამრავლებას და საშენ მასალად იყენებს იმუნური სისტემის შემადგენლობაში შემავალ უჯრედებს – ლიმფოციტებს და ნელ-ნელა ანადგურებს მათ, რასაც შედეგად იმუნური სისტემის თანდათანობითი დაზიანება მოყვება.

 

შიდსი

შიდსი – ეს არის აბრევიატურა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. “იმუნოდეფიციტი” – ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა იმდენად დანგრეულია, რომ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო დაავადებასთან გამკლავებას ვეღარ ახერხებს; “შეძენილი” – იმიტომ, რომ ეს არის არათანდაყოლილი, ცხოვრების განმავლობაში შეძენილი დაავადება;

“სინდრომი” – არის გარკვეული ავადმყოფური მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა. სტადია, რომელსაც შიდსი ეწოდება, დგება მაშინ, როცა იმუნურ სისტემას აღარ გააჩნია ისეთ დაავადებებთან ბრძოლის უნარი, რომლებიც ადრე ორგანიზმისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. ამ ეტაპზე ადამიანს იმუნური სისტემა საბოლოოდ უზიანდება და უვითარდება სხვადასხვა ინფექციები, დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ნერვული სისტემის დაზიანება და ა.შ. 

 

აივ-ის გადაცემის გზები

აივ-ით გამოწვეული ინფექცია ვრცელდება მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაინფიცირებული ადამიანი დაავადების ნებისმიერ სტადიაზე, ე.ი. კლინიკური სიმპტომების არარსებობის დროსაც. მოხდება თუ არა ინფიცირება, ამას ვირუსის კონცენტრაცია განსაზღვრავს. სისხლში კონცენტრაცია შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, მაშინ, როდესაც ნერწყვში ძალიან დაბალია (1000-ჯერ). უნდა გვახსოვდეს, რომ აივ-თან კონტაქტი, ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროსაც კი, ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას.

ვირუსის გადაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ბიოლოგიური სითხე მოხვდა ჯანმრთელი ადამიანის სისხლში. დაინფიცირებისთვის საკმარისი კონცენტრაციით ვირუსი არის მხოლოდ ოთხ ბიოლოგიურ სითხეში: სისხლში, სპერმაში, ვაგინალურ (საშოს) სეკრეტში და დედის რძეში.

 

შესაბამისად, ვირუსი სისხლში შეიძლება მოხვდეს სქესობრივი კონტაქტის დროს (მით უფრო, თუ დაზიანებულია ლორწოვანი); არასტერილური საინექციო და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით (გადაცემის ეს გზა ყველაზე დამახასიათებელია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის, რადგან ისინი ხშირად საზიარო შპრიცს/ნემსს ან ინექციისთვის საჭირო მოწყობილობებს იყენებენ); ვირუსი შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილს ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. სისხლის გადასხმით აივ-ის გადაცემის შემთხვევები ძალიან იშვიათია, რადგან დღეისათვის ყველა გადასასხმელი მასალა მკაცრად კონტროლდება.

 

აივ-ინფექცია საყოფაცხოვრებო კონტაქტებით არ გადადის. შეუძლებელია დაინფიცირდე საცურაო აუზით, აბანოთი, საპირფარეშოთი სარგებლობის შედეგად, აივ-ინფიცირებულის ნაპირალი საკვებით ან ჭურჭლით, მასთან მისალმებითა და ჩახუტებით. იგი არ გადაეცემა მწერების ნაკბენით.

 

აივ ინფექციის დიაგნოსტიკა - ტესტირება აივ-ზე

აივი ჩვეულებრივი ვირუსი არ არის, რადგან ადამიანი შეიძლება ინფიცირებული იყოს წლების მანძილზე და არ იცოდეს ამის შესახებ. აივ ინფექციის სტადიაზე ინფიცირებული ადამიანი ჩვეულებრივად გამოიყურება და თავსაც კარგად გრძნობს, მაგრამ შეუძლია, გადასდოს ინფექცია სხვებს. არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული აივით, დგინდება მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევის – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე სისხლის ტესტირების საშუალებით. ანალიზის უარყოფითი (ნეგატიური) პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ არა ხართ აივ-ინფიცირებული, ხოლო დადებითი (პოზიტიური) პასუხი ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანიზმში არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.

 

აივ-ზე ტესტირების საშუალებით თავდაპირველად ხდება სისხლში სპეციფიკური ცილების – ანტისხეულების აღმოჩენა. ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთგვარი ჯარისკაცებია, რომლებიც ორგანიზმს ინფექციისაგან იცავს. სისხლში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მოხვედრის შემდეგ, იმუნური სისტემა იწყებს მისდამი ანტისხეულების გამომუშავებას. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ანტისხეულები გამომუშავდეს, რათა მათი გამოვლენა მოხდეს ტესტირების მეშვეობით. ამ დროის განმავლობაში, ტესტი აივ-ანტისხეულებზე უარყოფითია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის სისხლში იყოს ვირუსი. დროს ინფიცირების მომენტიდან იმ მომენტამდე, როცა დღეისათვის ცნობილი მეთოდებით ანტისხეულების განსაზღვრა ხდება, ეწოდება ფანჯარა პერიოდი.

 

სწორედ ამ პერიოდში, აივ ინფიცირებული ადამიანიდან ვირუსის სხვებზე გადაცემის ალბათობა მაღალია. ამ დროს, აივ-ინფიცირებულ ადამიანებს ანტისხეულები არ გააჩნია, თუმცა მათ სისხლში, სასქესო ორგანოების გამონადენში ან დედის რძეში აივ-ის შემცველობა შეიძლება მაღალი იყოს. სწორედ ამ პერიოდში, სანამ იმუნური სისტემა ვირუსთან ბრძოლას დაიწყებდეს, აივ ინფიცირებული ადამიანი ყველაზე უფრო კონტაგიოზურია (ვირუსის გადაცემის მაღალი უნარი აქვს). ამრიგად, შეიძლება ვირუსი გადაეცეს მეორე ადამიანს მაშინ, როცა ტესტი აივ-ანტისხეულებზე უარყოფითია. თუკი პირველი ტესტი უარყოფითია, მაგრამ არსებობდა დაინფიცირების რისკი, რეკომენდებულია სამი თვის შემდეგ კვლავ ჩატარდეს აივ-ანტისხეულებზე ტესტირება. თუ ანტისხეულებზე ტესტირების შედეგად გამოვლინდა დადებითი პასუხი, ადამიანმა უნდა ჩაიტაროს დამატებითი - დამადასტურებელი გამოკვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება ზუსტად, არის თუ არა ის ინფიცირებული.

 

მარტივი, უფასო და ანონიმური ტესტირებით შეიძლება დადგინდეს, ხართ თუ არა აივ ინფიცირებული. სწრაფი ტესტირებისათვის საკმარისია თითიდან აღებული რამდენიმე წვეთი სისხლი და 20 წუთი შედეგის დასადგენად. თუკი მოწოდებულმა ინფორმაციამ გადაგაწყვეტინათ აივ-ზე ტესტირების ჩატარება, გადადით აივ ტესტირების სერვისების ლოკატორზე

 

ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობა

დღეისათვის აივ ინფექცია/შიდსი აღარ არის მომაკვდინებელი ავადმყოფობა, იგი ქრონიკული მართვადი დაავადებაა. ორგანიზმში აივ-ის გამრავლების შესანელებლად გამოიყენება ე.წ. ანტირეტროვორუსული (არვ) პრეპარატები. ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, იგი: თრგუნავს ვირუსის გამრავლებას; ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას; სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს; აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. ამას გარდა, არვ თერაპიის ფონზე ადვილი ხდება შიდსის სტადიაზე აღმოცენებული ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური (მდგრადი) ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა უფასო და ხელმისაწვდომია ყველა ინფიცირებულისთვის.

სტიგმა

სტიგმა -სოციალური იარლიყი, რომელიც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს უარყოფით თვისებებს მიაწერს და მნიშვნელოვან დისკრედიტაციას უკეთებს.

ტერმინი „სტიგმა“ ძველი საბერძნეთიდან მოდის.  სტიგმა ერქვა ადამიანის სხეულზე შანთით ამომწვარ დამღას, რომელიც  მიანიშნებდა, რომ ეს ადამიანი  მონა, დამნაშავე ან მოღალატეა. მასთან ურთიერთობა სამარცხვინო იყო  და ყველა  თავს არიდებდა. შედარებით ახლო წარსულში სტიგმის ანალოგიური გამოვლინება იყო     ნაცისტურ გერმნიაში, სადაც ყველა ებრაელს კანონი ავალდებულებდა, ტანსაცმელზე დაკერებული ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინა.

დღესაც ყველა საზოგადოებაში არსებობს სტიგმა ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ზოგიერთი დაავადების მქონე ადამიანთა ჯგუფები. სტიგმატიზებული ჯგუფის ყველა წარმომადგენელს მიეწერება  უარყოფითი თვისებები და ხდება პიროვნების ინდივიდუალობის იგნორირება. მაგალითად, უამრავი ადამიანის აზრით,  ყველა არაბი ტერორისტია.

აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმა

აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმა არის საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენები და სტერეოტიპები აივ ინფიცირებულების მიმართ, რაც იწვევს არა მხოლოდ ინფიცირებულების, არამედ მათი ოჯახის წევრების და ახლობლების დისკრიმინაციას. 

აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმის არსებობას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი:

  • აივ ინფექცია გადამდები დაავადებაა და ბევრმა არ იცის აივ-ის გადაცემის გზები და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობები.
  • აივ ინფექცია ქრონიკული მართვადი დაავადებაა, ჯერ-ჯერობით არ იკურნება და ბევრისთვის სიკვდილთან ასოცირდება მიუხედავად იმისა, რომ სათანადო მოვლისა და მკურნალობის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ქრონიკული დაავადებების დროს, აივ ინფიცირებულს შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.
  • აივ ინფექცია ბევრისათვის დაკავშირებულია ისედაც სტიგმატიზებულ ჯგუფებთან - ნარკოტიკების მომხმარებლებთან, ჰომოსექსუალებთან და სექს-მუშაკებთან. არ ითვალისწინებენ, რომ აივ ინფექცია, შეიძლება, ყველას დაემართოს, მიხედავად ასაკისა, სქესისა და საქმიანობისა.

აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმის გამო ადამიანები არ იტარებენ ტესტირებას და ბევრმა ინფიცირებულმა არ იცის, რომ ინფიცირებულია; ზოგიერთი ინფიცირებული, უარყოფის შიშით, არ უმხელს თავის სტატუსს სქესობრივ პარტნიორს და არც დამცავ საშუალებებს იყენებს. ზოგი კი მკურნალობაზეც უარს ამბობს მისი  სტატუსის გახმაურების შიშით. ამდენად, აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმა, ერთი მხრივ, აუარესებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას.

დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია -ლათ. discriminatio განსხვავება, გარჩევა -რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან  ჯგუფის  უფლებებისშეზღუდვა.

ადამიანთა დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სქესის, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსის, სოციალური სტატუსის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საქმიანობის ნიადაგზე.

დისკრიმინაცია არის ამოქმედებული სტიგმა და გულისხმობს სტიგმატიზებული ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობას -  ქმედებებს, რომლებიც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს და არღვევს მათ უფლებებს. 

უფლებების შეზღუდვა შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს კანონის მიერ (სამართლებრივი დისკრიმინაცია - დე იურე), ან ეფუძნებოდეს საზოგადოებაში  გაბატონებულ მორალურ ნორმებს (არაოფიციალური დისკრიმინაცია - დე ფაქტო).

დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს  გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

აივ ინფიცირებულთა დისკრიმინაცია

აივ-ით ინფიცირებულ ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვევა სხვადასხვა ფორმით.  ამის მაგალითებია აივ დადებითი სტატუსის გამო მათი  სამსახურიდან დათხოვნა, უარი სამსახურში ან სასწავლებელში მიღებაზე, უარი სამედიცინო მომსახურებაზე, სავალდებულო ტესტირება,  ანონიმურობაზე უფლების შეზღუდვა, კონფიდენციალობის დარღვევეა,  იზოლაცია ან იძულებითი მკურნალობა.

სტიგმისა და დისკრიმინაციის შიშით ადამიანები ერიდებიან აივ ინფექციაზე ტესტირებას,   ეშინიათ საკუთარი სტატუსის გამჟღავნების, არ მიდიან ექიმთან, აგვიანებენ მკურნალობის დაწყებას ან უარს ამბობენ მკურნალობაზე, ვერ იცავენ მკურნალობის რეჟიმს.

აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციიის გამო, უარესდება აივ ინფიცირებულთა ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი, იზრდება აივ ინფექციის გავრცელების რისკი.

სტიგმა და დისკრიმინაცია ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. აივ პოზიტიურებს სტიგმისა და დისკრიმინაციის უფრო ეშინიათ, ვიდრე დაავადებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისა.

„ამბობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განათლების უფლება. სად წავიდა ეს უფლებები?”

გია, 28 წლის, აივ პოზიტიური

აივ პოზიტიური ადამიანების უფლებები

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება

„საქართველოს კანონით აივ ინფექცია შიდსის შესახებ“, აივ დადებითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი სახის სამედიცინო და პროფილაქტიკური მომსახურება.

ჩვენს ქვეყანაში აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობა უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

„საქართველოს კანონით აივ ინფექცია შიდსის შესახებ“, აივ ინფიცირებული არ არის ვალდებული, გაუმჟღავნოს საკუთარი  აივ სტატუსი სხვებს, მათ შორის, ექიმსაც. ერთადრთი, რასაც კანონი ავალდებულებს - როდესაც ადამიანმა იცის, რომ ინფიცირებულია, თავისი აივ სტატუსის შესახებ უნდა უთხრას მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს.

სამედიცინო პერსონალი, ან ნებისმიერი სხვა პირი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აივ სტატუსის შესახებ, ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა. ექიმს არა აქვს უფლება, ვინმეს, თუნდაც ოჯახის წევრს, პაციენტის თანხმობის გარეშე აცნობოს ანალიზის პასუხი. კონფიდენციალობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული წესით.

საქართველოში ყველას შეუძლია ჩაიტაროს ანონიმური და კონფიდენციალური ტესტირება აივ-ზე. თავად ადამიანის გადასაწყვეტია, ჩაიტარებს თუ არა ტესტირებას აივ-ზე და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს მისთვის ანალიზის ჩატარების უფლება.

ტესტირება სავალდებულოა  სისხლის, სპერმის ან ორგანოების დონორებისათვის.

ინფორმაციის მოპოვების უფლება

აივ ტესტირების ჩატარების შემდეგ ექიმი ვალდებულია, გამოკვლევაზე მისულ პირს მიაწოდოს  დეტალური ინფორმაცია ტესტირების შედეგების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

აივ დადებითი პასუხის შემთხვევაში ექიმმა უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ჩასატარებელი სამედიცინო ღონისძიებებისა და დაავადების პროგნოზის შესახებ. უნდა აუხსნას, როგორ დაიცვას სხვა ადამიანები ინფიცირებისაგან და შეატყობინოს, რომ პაციენტმა  ინფიცირების შესახებ თავად უნდა აცნობოს მეუღლეს ან/და სქესობრივ პარტნიორს; სხვათა განზრახ დაინფიცირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

განათლების უფლება

საგანმანათლებლო დაწესებულებებს არა აქვს უფლება, უარი უთხრას ვინმეს განათლების მიღებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აივ პოზიტიურია. ეს ეხება საბავშვო ბაღს, სკოლას და უმაღლეს სასწავლებლებს. არავინ არის ვალდებული, გაამჟღავნოს აივ სტატუსი საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბუთების მიტანისას.

შრომისა და სოციალური დაცვის უფლება

არავის აქვს უფლება, უარი უთხრას აივ დადებით პირს სამსახურში მიღებაზე ან დაითხოვოს სამსახურიდან მისი აივ სტატუსის საფუძველზე.

სამოქალაქო უფლებები

აივ დადებით ადამიანებს აქვთ უფლება, დაქორწინდნენ და იყოლიონ შვილები, მაგრამ ქორწინებამდე აუცილებლად უნდა აცნობონ მომავალ მეუღლეს თავისი აივ სტატუსის შესახებ.

აივ დადებითი სტატუსის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება, დისკრიმინაციის შემთხვევაში, მიმართონ სასამართლოს ან სახალხო დამცველს საკუთარი უფლებების დასაცავად.