განმარტებები

 

აბორტი (Abortion) - ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28-ე კვირის დასრულებამდე. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური. სპონტანური აბორტის გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი.  ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. 

 

აივ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV, Human Immunideficiency Virus) - ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გარკვეული გზით გადაეცემა და იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის დარღვევას ან საერთოდ დანგრევას, ანუ იმუნოდეფიციტს. იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის დაცვას უცხო აგენტებისაგან – ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან; “დეფიციტი” არის რაიმეს ნაკლებობა. აივი ძალიან მცირე ზომის მიკროორგანიზმია და მისი დანახვა მხოლოდ ელექტრონულ მიკროსკოპშია შესაძლებელი.

 

აივ დადებითი, აივ პოზიტიური (HIV positive) – ეს კიდევ ერთი გავრცელებული ტერმინია, რომელიც გამომდინარეობს აივ-ტესტირებაზე დადებითი (პოზიტიური) შედეგიდან და სამედიცინო ტერმინ “აივ ინფიცირებულის” უფრო ტოლერანტულ და მისაღებ ალტერნატივას წარმოადგენს.

 

აივ-ინფექცია (HIV infection)  – ესხანგრძლივად წლობითმიმდინარეინფექციურიდაავადებაა, რომელიცადამიანისორგანიზმშიაივ-ისშეჭრისშედეგადვითარდება, მიმდინარეობსუსიმპტომოდდაშეიძლებაგაგრძელდესრამდენიმეწელი. შიდსიარისაივინფექციისგანვითარებისსტადია, როდესაცხდებაკლინიკურისიმპტომების/დაავადებებისგამოვლენა

 

აივ ინფიცირებული (HIV infected) – პირი, რომელიც ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ის პირებიც, რომელთაც კლინიკური გამოვლინებები არ აღნიშნებათ (აივ ინფექციის მატარებლები) და შიდსით დაავადებულებიც.

 

აივ ინფექციის გადაცემის გზები  (Modes of HIV transmission) - აივი ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ სამი გზით ხვდება: 1. აივ-ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს (სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა დაინფიცირების რისკს ზრდის; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის აივის გავრცელებისთვის); 2. აივ-ინფიცირებული ადამიანის სისხლის მოხვედრის გზით ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში (ეს შეიძლება მოხდეს აივ-ინფიცირებული დონორების სისხლის გადასხმით; არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოების, მათ შორის, სხვისი ნახმარი შპრიცის გამოყენებით; ყურების გახვრეტის ან სვირინგების (ტატუ) გაკეთების დროს დაბინძურებული ინსტრუმენტების გამოყენებით); 3. აივ-ინფიცირებული დედიდან შვილზე (ეს შეიძლება მოხდეს როგორც ორსულობის დროს, ასევე მშობიარობის პროცესში და ძუძუთი კვების დროს.)

 

აივ სტატუსი (HIV status) - ასახავს ადამიანის ორგანიზმში აივ ინფექციის არსებობას ან არარსებობას. აივ სტატუსი შეიძლება იყოს უარყოფითი (ორგანიზმში არ არის აივ ინფექცია) ან დადებითი (ორგანიზმი ინფიცირებულია აივით). თუ აივის გამოსავლენი ტესტირება არ ჩატარებულა, ამბობენ, რომ ადამიანის აივ სტატუსი გაურკვეველია.

 

ანონიმური გამოკვლევა (Anonymous testing) – როდესაც გამოსაკვლევი პირის პირადი მონაცემები არ ფიქსირდება, პიროვნებას ენიჭება გარკვეული საიდენტიფიკაციო კოდი ან გამოგონილი სახელი და გვარი.

 

ანტიგენი (Antigen) - ორგანული წარმოშობის ნივთიერება, რომელიც, ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს იმუნურ პასუხს. იმუნური სისტემა მას განიხილავს, როგორც “უცხო სხეულს” და წარმოქმნის ანტისხეულებს მასთან საბრძოლველად.

 

ანტირეტროვირუსული (არვ) პრეპარატები, არვ თერაპია (ARV therapy) - ანტირეტროვირუსული პრეპარატები სამედიცინო პრეპარატებია, რომლებიც აფერხებენ აივის გამრავლებას. აივ ინფექციის მკურნალობისას რეკომენდებულია 3 ტიპის არვ პრეპარატის კომბინირებული გამოყენება _ თითოეული მათგანი მოქმედებს ვირუსის გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე. დღეს არსებული არვ პრეპარატებით შეუძლებელია აივ ინფექციისგან განკურნება, მაგრამ შესაძლებელია შიდსის სტადიის გადავადება ან თავიდან აცილება. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, არამედ, შენარჩუნებულია შრომისა და სრულფასოვანი ცხოვრების უნარი. ორსულობისა და მშობიარობის დროს არვ თერაპია 97%-მდე ზრდის ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ალბათობას. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არვ თერაპიას პრევენციული მნიშვნელობაც აქვს – მკურნალობის ფონზე მკვეთრად მცირდება ინფიცირებულის სისხლში ვირუსის კონცენტრაცია და, შესაბამისად, სხვების დაინფიცირების რისკიც მცირდება.

 

ანტისხეული (Antibody) -  ცილა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეღწევის პასუხად, რათა გაანადგუროს ან გაანეიტრალოს ბაქტერია, ვირუსი, შხამი და სხვა უცხო სხეულები, რომლებიც მოხვდა სისხლის მიმოქცევის სისტემაში. აივ ინფექციის შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ვერ ახერხებენ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსების განეიტრალებას. ეს ანტისხეულები მხოლოდ მარკერების როლს ასრულებენ -  მათი მეშვეობით ხდება ორგანიზმში ვირუსის არსებობის გამოვლენა (იხ. ტესტირება აივ-ზე).

 

 

ბიოლოგიური სითხეები (Body fluids) – ცოცხალი ორგანიზმის თხევადი კომპონენტები, ანუ სითხეები, რომლებიც ორგანიზმში წარმოიქმნება. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეში სხვადასხვა რაოდენობით არის წარმოდგენილი. ვირუსის კონცენტრაცია მაღალია სისხლში, სათესლე სითხეში, საშოდან გამონადენში და დედის რძეში. ისეთი ბიოლოგიური სითხეები, როგორიცაა ოფლი, ნერწყვი, შარდი, ცრემლები, ცხვირიდან გამონადენი, ვირუსის კონცენტრაცია დაბალია.

 

 

გადაუდებელი კონტრაცეფცია (Emergency Contraception / Morning after pill) - კონტრაცეფციის მეთოდი, რომლის გამოყენება ხდება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ 72 სთ-ის განმავლობაში.

 

დავადებათა პროფილაქტიკა, პრევენცია (Disease Prevention) – ზოგადად, პრევენცია ნიშნავს რაიმე ნეგატიურის თავიდან აცილებას, თუმცა ჯანმრთელობის კონტექსტში პრევენცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც პროცესი, რომელიც ადამიანებს აწვდის რესურსებს ისეთი ქცევების თავიდან ასაცილებლად, რომელთაც შედეგად მოჰყვება უარყოფითი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური შედეგები. ეს არის სამედიცინო და არასამედიცინო ხასიათის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია დაავადებათა განვითარებისა და შემდგომი პროგრესირების რისკების შემცირებაზე და თავიდან აცილებაზე.

 

დისკრიმინაცია (Discrimination) - გულისხმობს სტიგმატიზებული ადამიანების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს და არღვევს მათ უფლებებს.

 

 

ეაკულაცია - სპერმის გამოყოფა მამაკაცის სასქესო ორგანოდან

 

 

ვაქცინა (Vaccine) -  მიკრობებისაგან მიღებული პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებს ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად.

 

ვირუსმტარებელი (Virus carrier, virus-positive person)  – გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ვირუსის სხვა ადამიანისათვის გადაცემა შეუძლია.

 

ვულვა (Vulva) - ქალის გარეთა სასქესო ორგანოები

 

ინფორმირებული თანხმობა (Informed consent) – აივ ტესტირების ჩატარებაზე ნებაყოფლობითი თანხმობა გამოკვლევის მიზნის, მეთოდის, პროცედურისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

 

იმუნიტეტი (Immunity) - ინფექციური და არაინფექციური ბუნების, ორგანიზმისათვის უცხო აგენტების შეჭრის მიმართ ორგანიზმის დაცვის უნარი. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ იმუნიტეტს. თანდაყოლილი იმუნიტეტი გადაეცემა მემკვიდრეობით, ისევე, როგორც სხვა გენეტიკური ნიშნები. შეძენილი იმუნიტეტი გამომუშავდება გადატანილი დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად და არ გადაეცემა მემკიდრეობით.

 

იმუნური სისტემა (Immune system) - ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების ერთობლიობა, რომელიც პასუხისმგებელია იმუნურ პასუხზე. იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებს მიეკუთვნება ძვლის ტვინი და თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი), პერიფერიულს – ელენთა, ლიმფური ჯირკვლები, ლიმფური კვანძები. იმუნური სისტემა ამოიცნობს “უცხო სხეულებს”, ანეიტრალებს/კლავს მათ და “იმახსოვრებს” თავისივე პასუხს იმისათვის, რომ გამოიყენოს ანალოგიურ პათოგენთან ბრძოლისას.

 

იმუნოდეფიციტი (Immunodeficiency) - იმუნური სისტემის რომელიმე რგოლის ფუნქციონირების უუნარობა, რის გამოც ქვეითდება “უცხო აგენტების” მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და იმატებს ისეთი დაავადებების (იხ. ოპორტუნისტული ინფექციები) განვითარების საფრთხე, რომლებიც ნორმალური იმუნიტეტის მქონე ადამიანს არ უნდა განუვითარდეს. აივ ინფექციის დროს ზიანდება ლიმფოციტებთან დაკავშირებული იმუნიტეტი.

 

იმუნიზაცია (Immunization)  – ინფექციის სპეციფიკური პროფილაქტიკა. ვაქცინაციის (აქტიური იმუნიზაციის) დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ ცოცხალი ვაქცინა (ანტიგენი) იმისათვის, რომ ორგანიზმმა თვითონ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. პასიური იმუნიზაციის შემთხვევაში კი ორგანიზმში უკვე გამზადებული (ხელოვნურად შექმნილი ან სხვა ორგანიზმიდან აღებული) ანტისხეულები შეჰყავთ. დღეისათვის, აივ ინფექციის საპროფილაქტიკო ვაქცინა არ არსებობს.

 

იმპლანტი (Contraceptive implant) - კონტრაცეპციის გრძელვადიანი ჰორმონალური მეთოდი. იმპლანტი თავსდება კანქვეშ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ და გამოყოფს 1 ან 2 ჰორმონს.

 


კალენდარი გოგონებისთვის - (საუბარია მობილურ აპლიკაციაში არსებულ გოგონების კალენდარზე) - მენსტრუალური ციკლი გამოიანგარიშება პერიოდის დაწყების პირველი დღიდან, შემდეგი პერიოდის დაწყების პირველ დღემდე. უსაფრთხო დღეებია დაწყების პირველიდან მეშვიდე დღემდე და ასევე ოცდამეერთე დღიდან ციკლის ბოლომდე, ეს ის პერიოდია, როდესაც ფერტილობა ნაკლებია და დაორსულების შანსი ძალიან მცირეა, ხოლო ყველაზე საშიშია მეთოთხმეტე დღე. თუმცა ეს ალგორითმი ყველასათვის ერთნაირად არ იმუშავებს, ზუსტად იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საშუალო ციკლის ხანგრძლივობა 28 დღეა, ან მცირედით ნაკლები, ხოლო თუ 28 დღეზე მეტია, კალკულატორი არ არის იმდენად საიმედო. კალკულატორი არ იქნება საიმედო თუ საშუალო ციკლის ხანგრძლივობა ქალისთვის 26 დღეზე ნაკლები ან 32 დღეზე მეტია. ასევე კალკულატორის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან (თუ მომხმარებელი ორსულად იყო) 6 მენსტრუალური ციკლის შემდგომ, როდესაც ცნობილია ციკლის საშუალო ხანგრძლივობა. ასევე არაა რეკომენდირებული თინეიჯერებისთვის ამ მეთოდზე დაყრდნობა.
 

კოკი (combination oral contraceptive) -კომბინირებული  კონტრაცეპტივი დასალევი აბების სახით.

 

კონტრაცეფცია (Contraception)  -  ორსულობის თავიდან აცილება სხვადასხვა მეთოდით.

 

კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი (Fertility awareness)  - ორსულობის თავიდან აცილება მენსტრუალური ციკლის გათვალისწინებით, სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება  ფერტილური დღეების დროს.

 

კონტრაცეპტული პლასტირი - (Patch) - კონტრაცეპციის ჰორმონალური მეთოდი. პლასტირი ეკრობა კანზე და გამოყოფს ჰორმონებს.

 

კონტრაცეპტული რგოლი  (Contraceptive ring)  კონტრაცეფციის ჰორმონალური მეთოდი.   დრეკადი რგოლი რომელიც თავსდება საშოში და  გამოყოფს ჰორმონებს.

 

კონტრაცეპტული ღრუბელი (Sponge) - კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი. ღრუბელი თავსდება საშვილოსნოს ყელთან და გამოყოფს სპერმიციდებს აფერხებს სპერმის შეღწევას საშვილოსნოში.

 

 

ლაქტაცია (Lactation) - რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლების მიერ, ძუძითი კვება.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (LAM) მენსტრუაციის უქონლობა ძუძუთი კვების პერიოდში. ამ დროს ნაკლებია დაორსულების შესაძლებლობა.

 

ლიმფოციტები (Lymphocites) - ლეიკოციტების (სისხლის თეთრი ბურთულების) ერთ-ერთი სახე, რომლებიც წარმოიქმნებიან ლიმფოიდურ ორგანოებში. ლიმფოციტები ახორციელებენ შეძენილ იმუნიტეტთან დაკავშირებულ იმუნურ პასუხს. ლიმფოციტებს მიეკუთვნება CD4+ უჯრედები. აივ ინფექცია სწორედ ამ უჯრედების განადგურებას იწვევს, რასაც შედეგად ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის შესუსტება მოჰყვება.

 

 

მაღალი რისკის შემცველი ქცევა (High risk behavior) – ნებისმიერი ქცევა, რომელიც ქმნის პირის ან პირების სგგი/აივ ინფექციით დაინფიცირების ან სხვებისათვის ინფექციების გადაცემის საფრთხეს (მაგ.: მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლა პრეზერვატივის არარეგულარული მოხმარების ფონზე; არასტერილური ნემსების/შპრიცების და საინექციო ნარკოტიკების მოსამზადებელი სხვა ინსტრუმენტების გაზიარება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლის მიერ).

 

მამაკაცის კონდომი (Male condom)  - ელასტიური მასალისგან დამზადებული მილი, რომელიც ეცმება მამაკაცის პენისს სქესობრივი კავშირის დაწყებამდე. კონდომი  იცავს არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან.

 

მდგრადი განვითარება (Sustainable development) ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს მომავალ თაობების უსაფრთხოების გათვალისწინებით.

 

მენსტრუაცია (Menstruation) - ყოველთვიური სისხლდენა საშოდან. მენსტრუაციის დროს ხდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჩამოშლა და გამოდევნა ორგანიზმიდან. მენსტრუაცია 3-დან 7 დღემდე გრძელდება.

 

მენსტრუალური ციკლი (Menstrual cycle) - დრო მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი ციკლის წინა დღემდე. მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა განსხვავდება ქალებში, მაგრამ საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა. თუმცა ასევე ნორმალურია რეგულარული ციკლი, რომელიც 24-დან 35 დღემდე გრძელდება.

 

 

ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება (Voluntary counseling and testing, VCT) – ინფორმაციის მიწოდების, მხარდაჭერისა და ტესტირების ნებაყოფლობითი პროცესი, რომლის მიზანია, პირს მისცეს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება აივ ტესტირებაზე და დაეხმაროს მას ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციაში. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, “საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ნებისმიერ პირს, უცხოელ მოალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება აივ ინფექციაზე, მთ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად”. ამავე კანონის თანახმად, აივ ტესტირება ტარდება პირისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.

 

 

ოვულაცია  (Ovulation) - მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხიდან.

 

ოპორტუნისტული დაავადებები (Opportunitic diseases) - ის დაავადებებია, რომლებიც უვითარდება აივ ინფექციით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანს. ოპორტუნისტული დაავადებების გამომწვევები, ხშირად, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც არის, მაგრამ ჯანმრთელი იმუნური სისტემა მათ ადვილად უმკლავდება. აივ ინფიცირებულებს შიდსის სტადიაზე შეიძლება განუვითარდეთ ისეთი ოპორტუნისტული დაავადებები, როგორიცაა პნევმოცისტური პნევმონია, ტუბერკულოზისა და სოკოვანი ინფექციების მძიმე ფორმები, კაპოშის სარკომა, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები და სხვ. 

 

ოჯახის დაგეგმვა (Family planning) საშუალებას აძლევს წყვილებსა და ცალკეულ პირებს, პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად განსაზღვრონ შვილების რაოდენობა და შუალედები მშობიარობებს შორის, თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და აბორტი.

 

 

პენისი (Penis)  მამაკაცის გარეთა  სასქესო  ორგანო

 

 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა (Reproductive health)  - რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება მთელი სიცოცხლის მანძილზე. რეპროდუქციული ჯანმრთლეობა გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას, იქონიოს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება და იყოლიოს შთამომავლობა მისთვის სასურველ დროს.

 

რეპროდუქციული სისტემის ინფექციები  (Reproductive tract infections) რეპროდუქციული სისტემის ინფექციები (RTIs) მოიცავს სამი სახის ინფექციებს: 1) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ), 2) ენდოგენური ინფექციები და 3) იატროგენული ინფექციები.

 

რისკის ფაქტორი (Risk factor) – ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საზიანო ფაქტორი, რომელიც ზრდის გარკვეული დაავადების განვითარების ან მისი პროგრესირების ალბათობას. არსებობს ბიოლოგიური, გენეტიკური, ქცევითი, სოციალური, ეკოლოგიური, პროფესიული რისკის ფაქტორები.

 

 

სათესლეები (Testicle) - მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელიც გამომუშავებს სასქესო უჯრედებს (სპერმატოზოიდებს) და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს (ანდროგენებს). სათესლე ჯირკვლები მკვრივი კონსისტენციისაა და მოთავსებულია სათესლე პარკში.

 

სათესლე პარკი (Scrotum) -    კანით დაფარული ღრუ პენისის უკან, რომელშიც  მოთავსებულია სათესლეები.

 

საკვერცხეები -(Ovaries)  - ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და სასქესო ჰორმონების - ესტროგენის და პროგესტერონის გამომუშავება.

 

საქალწულე აპკი (Hymen) - თხელი მემბრანა, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს საშოს შესავალს

 

საშვილოსნო (Uterus) - გლუვკუნთოვანი ორგანო, რომელშიც ვითარდება ემბრიონი, იზრდება ნაყოფი.

 

საშვილოსნოს ყელის ჩაჩები (Cervical caps) - წარმოადგენს კონტრაცეპციის ბარიერულ მეთოდს, ჩაჩები თავსდება საშოში ფარავს საშოს და აბრკოლებს საშვილოსნოში სპერმის შეღწევას.

 

საშო (Vagina)  - ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ლულოვანი (10-12 სმ სიგრძის) ღრუ ორგანო, რომელიც აერთებს გარეთა სასქესო ორგანოებს საშვილოსნოსთან და რომლიდანაც მშობიარობის დროს გამოდის ნაყოფი.

 

საშოს დიაფრაგმა  (Diaphragm) კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი. მას პატარა გუმბათოვანი ფორმა აქვს. დიაფრაგმა თავსდება საშოში და ასრულებს ბარიერის ფუნქიას, აჩერებს სპერმის საშვილოსნოში შეღწევას.

 

სგგი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (STIs, sexually transmitted infections) – დაავადებები, რომლებიც სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა. მათ რიცხვს მიეკუთვნება სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ვირუსული ჰეპატიტები და სხვ. ვინაიდან აივ ინფექციის გადაცემის ერთ-ერთ გზას სქესობრივი კონტაქტი წარმოადგენს, ისიც სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს განეკუთვნება.

 

სიმპტომი (Symptom) – ადამიანის ორგანიზმის ან ორგანოთა ფუნქციების ნებისმიერი ხელშესახები ცვლილება, რომელიც გამოვლინდება პაციენტის ჩივილების (სუბიექტური სიმპტომი, ნიშანი) ან პაციენტის გამოკვლევის (ობიექტური სიმპტომი, ნიშანი)  საფუძველზე.

 

სინდრომი (Syndrome) – რაიმე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების ერთობლიობა.

 

სპერმა (Sperm) - ორგანული სითხე, რომელიც გამოიყოფა მამაკაცის ეაკულაციის დროს. სპერმა შეიცავს სპერმატოზოიდებს.

 

სპერმატოზოიდი (Spermatozoon) - მამრობითი სასქესო უჯრედი. სპერმატოზოიდი სამი ნაწილისგან თავის, ყელისა და კუდისგან შედგება. თავი სპერმატოზოიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან  ის შეიცავს უჯრედის ბირთვს და მასში მოთავსებულ გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც განაყოფიერებისას მამისგან შვილს გადაეცემა. კუდი სპერმატოზოიდის გადაადგილების, მოძრაობის საშუალებაა.

 

სპერმიციდი (Spermicides) კონტრაცეპციის ქიმიური მეთოდი მოკლევადიანი მოქმედებით. სპერმიციდი თავსდება საშოში და ხელს უშლის სპერმის თავისუფალ გადაადგილებას საშვილოსნოკენ.

 

სპირალი  - საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციის მეთოდია და მიეკუთვნება ჩასახვის საწინააღმდეგო გრძელვადიან  მეთოდებს. სპირალი არის პატარა, დრეკადი,  T-ს ფორმის მოწყობილობა  რომელიც თავსდება საშვილოსნოში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ.

 

სტერილიზაცია (მამაკაცის/ქალის) (Sterilization)  - განაყოფიერების უნარის მოსპობა ქირურგიული გზით.

 

სტიგმა (Stigma) - არის სტერეოტიპულ შეხედულებათა კომპლექსი, სოციალური იარლიყი, რომელიც ამ იარლიყის მქონე ადამიანს უარყოფითად ახასიათებს და ირგვლივმყოფების თვალში ღირსებაშელახულ ან არასრულფასოვან პიროვნებად აქცევს.

 

სქესის სელექცია (Sex selection) - ორსულობისას სპეციალური გამოკვლევები ნაყოფის სქესის დასადგენად და შესარჩევად.

 

სქესობრივი ჯანმრთელობა (Sexual health) არის ადამიანის სომატური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური მახასიათებლების (თვისებების) ინტეგრირება მის სექსუალურ ქცევაში.

 

სქესობრივი უფლებები (Sexual rights) - არის ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აღიარებულია ეროვნულ კანონმდებლობებსა და ადამიანის საეთაშორისო უფლებათა კონვენციაში. ის მოიცავს ყველა ადამიანის უფლებას, რომ იძულების, დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე, ქონდეს უმაღლესი სტანდარტის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა  და ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სერვისებზე.

 

 

ტესტირება აივ-ზე (აივ ინფექციის დიაგნოსტიკა) (HIV testing) - ადამიანის გარეგნობის მიხედვით შეუძლებელია განვსაზღვროთ, არის თუ არა ის ინფიცირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. ადამიანის ორგანიზმში აივის არსებობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის, ტესტირების მეშვეობით – ხდება ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების გამოკვლევა მათში ვირუსის საპასუხოდ გამომუშავებული ანტისხეულების ან თავად ვირუსის ფრაგმენტების გამოვლენის მიზნით.

 

 

ურეთრა (Urethra) -  შარდსადენი (შარდის გამომტანი მილი). მამაკაცის შარდსადენი წარმოადგენს S-ისებურად მოდრეკილ მილს, რომელიც განკუთვნილია როგორც შარდის, ასევე სპერმის გასატარებლად. ქალის შარდსადენი წარმოადგენს სწორ მილს, რომელიც იხსნება საშოს კარიბჭეში.

 

უსაფრთხო დედობა (Safe motherhood) - მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს დედათა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებას და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაძლიერებას.

 

 

ფანჯრის პერიოდი (Window period) - აივ-ზე ტესტირების საშუალებით ხდება სისხლში სპეციფიკური ცილების – ანტისხეულების აღმოჩენა. სისხლში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მოხვედრის შემდეგ, იმუნური სისტემა იწყებს მისდამი ანტისხეულების გამომუშავებას. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ანტისხეულები გამომუშავდეს, რათა მათი გამოვლენა მოხდეს ტესტირების მეშვეობით. დროს ინფიცირების მომენტიდან იმ მომენტამდე, როცა დღეისათვის ცნობილი მეთოდებით ანტისხეულების განსაზღვრა ხდება, ეწოდება ფანჯარა პერიოდი.  ამ დროის განმავლობაში, ტესტი აივ-ანტისხეულებზე უარყოფითია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის სისხლში იყოს ვირუსი. სწორედ ამ პერიოდში, აივ ინფიცირებული ადამიანიდან ვირუსის სხვებზე გადაცემის ალბათობა მაღალია. ამრიგად, შეიძლება ვირუსი გადაეცეს მეორე ადამიანს მაშინ, როცა ტესტი აივ-ანტისხეულებზე უარყოფითია. თუკი პირველი ტესტი უარყოფითია, მაგრამ არსებობდა დაინფიცირების რისკი, რეკომენდებულია სამი თვის შემდეგ კვლავ ჩატარდეს აივ-ანტისხეულებზე ტესტირება.

 

ფალოპის მილები (Fallopian tibes) -  ორი ვიწრო მილი, რომლითაც მომწიფებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ. 

 

ფერტილობა (Fertility) - სქესობრივად მომწიფებული ორგანიზმის უნარი, იყოლიოს შთამომავლობა.

 

ფერტილობის ფანჯარა (Fertility window)  - პერიოდია, რომლის განამავლობაშიც მაღალია  ქალის დაორსულების ალბათობა.

 

 

ქალის კონდომი (Female condom)  - ელასტიური მასალისგან დამზადებული გრძელი ცალმხრივ დახურულ მილი, რომელსაც ორივე ბოლოში აქვს მყარი რგოლები. მცირე დიამეტრის რგოლის მხრიდან იგი იგდმება საშოში, თითქმის საშვილოსნოს ყელამდე, მეორე რგოლო რჩება გარეთ. იცავს არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან.

 

 

შიდსი (AIDS) - არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (Acquired immune deficiency syndrome) აბრევიატურა და იგი წარმოადგენს აივ-ინფექციის განვითარების იმ სტადიას, როდესაც ხდება კლინიკური სიმპტომების/დაავადებების გამოვლენა. ეს არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც აივ ინფექციით დაზიანებული იმუნური სისტემის ფუნქცია უკიდურესად დაქვეითებულია და ვლინდება სხავადასხვა ორგანოების მძიმე ინფექციური დაზიანებით, სხეულის წონის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, პნევმონიით, ტუბერკულოზით, ონკოლოგიური და სხვა დაავადებებით.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო საინექციო საშუალება (Contraceptive injection) კონტრაცეპციის ჰორმონალური მეთოდი. კონტრაცეპტული ინექცია კეთდება კუნთში ან კანქვეშ და მისი ხანგრძლივობა 2-3 თვეა.

 

 

წამლის მიმართ რეზისტენტობა (Drug resistance) - დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის უნარი, შეეჩვიოს გარკვეულ სამკურნალო პრეპარატებს, დაკარგოს მათ მიმართ მგრძნობელობა და გამრავლდეს მაშინაც კი, როდესაც ხდება მისი საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. რეზისტენტობა დიდ პრობლემებს ქმნის აივ ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებისას. 

 

წინამდებარე ჯირკვალი  (Prostate gland)  - მამაკაცის სასქესო სისტემის  ორგანო, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ. წინამდებარე ჯირკვალი  უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების ტრანსპორტირებას თესლის გამომტან მილაკებში და თესლის გადმონთხევას, მონაწილეობს სქესობრივი ლტოლვისა და ორგაზმის ჩამოყალიბებაში.

 

 

ჯანმრთელობა (Health) ნიშნავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთლიდღეობას და, არა მხოლოდ დაავადების არარსებობას.

 

 

ჰორმონალური აბები (Pill) -  კონტრაცეპციის ჰორმონალური მეთოდი.